5 გამორჩეული სალაშქრო მიმართულება საქართველოში

5 გამორჩეული სალაშქრო მიმართულება საქართველოში


საქართველოში უამრავი საინტერესო სალაშქრო მიმართულებაა. ამ სტატიაში შევეცადეთ გამოგვეყო 5 მათგანი, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით (სირთულე, გაუკვალავობა, სილამაზე, ნაკლები პოპულარობა და სხვა) შედარებით გამორჩეულად ჩავთვალეთ.


5. მნის ხეობა და მნის ეშვი


მნის ეშვამდე ბისნას ჯგუფმა პირველად 2017 წელს მიაღწია. ეშვამდე გზა მნის ულამაზეს ხეობაზე გადის. ხეობაში, რომელსაც თერგის მარცხენა შენაკადი — მნისწყალი ქმნის, აღსანიშნავია უცნაური ფორმის კლდეები, რომლებიც მთელ ხეობას გასდევს სიგრძეზე, მნის უძველესი ციხე-ნასოფლარი, ეკლესია, მნის ჩანჩქერი და მნის მყინვარი. მნისა და სუატისის ხეობების გამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3600 მეტრზე მდებარეობს მნის ეშვი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კლდოვან სვეტს წარმოადგენს და საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

დაწვრილებით


4. ისართღელის უღელტეხილის მარშრუტი


ისართღელის უღელტეხილის მიმართულება დღეს შედარებით ცნობილია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, თუმცა, სირთულის გამო, მას ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობს, ვიდრე მის ალტერნატივას — ტანიეს უღელტეხილის მარშრუტს. ისართღელე, რომელიც საქართველოს მოქმედი უღელტეხილებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (დაახლ. 3500 მ ზღვის დონიდან), ხევსურეთის ქედზე მდებარეობს და ერთმანეთთან არხოტის და შატილის ხეობებს აკავშირებს. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედები იშლება ორივე ხეობაზე, კიდეგანას მყინვარზე და გარშემო მდებარე მწვერვალებზე.

დაწვრილებით


3. ოქროსწყლის ტბები (პატარა ოქროსწყლის ჩათვლით)


ბისნას მიერ 2017 წელს ამ ულამაზესი ტბების „ტურისტული აღმოჩენის“ შემდეგ, მათი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა და დღეს მას სეზონზე უკვე მრავალი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის (სირთულე, საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე და ა.შ.) გამო მოგზაურები და მოლაშქრეები ხშირად მხოლოდ დიდი ტბის ნახვით შემოიფარგლებიან ხოლმე. არადა სწორედ პატარა ოქროსწყლის ტბა, ოკუპირებული ტერიტორიების ხედები და გზად ერთ-ერთი მწვერვალიდან ორივე ტბის ერთდროულად დანახვის შესაძლებლობა აქცევს ოქროსწყლის ტურს სრულყოფილ სალაშქრო მიმართულებად. სწორი ორიენტაციისა და სიფრთხილის პირობებში ორივე ტბის უსაფრთხოდ ნახვაა შესაძლებელი.

დაწვრილებით


2. ყუროს ქედი


მეორე ადგილი ერთ-ერთ ურთულეს და ექსტრემალურ სალაშქრო მიმართულებას უკავია. თუმცა, საბანაკე ადგილი, სადაც ღამე უნდა გავათიოთ და არნახული ხედები ყუროს ქედიდან სტეფანწმინდასა და მის შემოგარენზე ნამდვილად ღირს შმაგი მდინარის გადაკვეთად და დაუსრულებელი ციცაბო აღმართის ავლად. თუ გაგიმართლათ, შესაძლოა ჯიხვების ჯოგსაც წააწყდეთ.


შენიშვნა: ყუროს ქედის მიმართულება არ უნდა აგვერიოს მწვერვალ ყუროს ალპინისტურ მარშრუტში.

დაწვრილებით


1. ცხვანდირის ტბები


პირველი ადგილი — ულამაზესი, იზოლირებული, და ნაკლებად ცნობილი ტბები დალარის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ჭუბერში. ტბებამდე მისასვლელად სრულიად გაუკვალავი ციცაბო აღმართების, უღელტეხილებისა და მყინვარების გავლა მოგიწევთ. საჭიროა სიფრთხილე და სწორი ორიენტაცია. როგორც ცხვანდირის ულამაზესი ტბები, ასევე საოცარი ხედები, რომლებიც ტურის განმავლობაში ჩვენს თვალწინ იშლება, ნამდვილად ღირს ამ ურთულეს გზად.

დაწვრილებით