გედაქლარი-რკონი — უცნობი და გაუკვალავი მარშრუტი თრიალეთის ტყეებში. მარშრუტი ერთ-ერთი გამორჩეულია მცირე კავკასიონის, კონკრეტულად თრიალეთის ქედის მთიანი და ხშირტყიანი მარშრუტებიდან. მარშრუტი კვეთს თრიალეთის ქედს, გაივლის თრიალეთის ულამაზეს შერეულ ტყეებს, შიდა ქართლის უცნობ მეგალითურ ეკლესიებს და სრულიად მიტოვებულ ნასოფლარებს, რომლებიც გაოცებას იწვევს, რადგან მათ ხელუხლებელ ველურ ბუნებაში დიდი მანძილის სიარულის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად წააწყდებით.
მარშრუტზე კარავში ერთი ან ორი ღამის გათევა მოგიწევთ.
იურის ქედი, ბოლოში მცირე ეკლესიით

მარშრუტი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გედაქლარიდან იწყება. თრიალეთის ქედის მოტიტვლებული სამხრეთ ფერდობების გავლის შემდეგ თრიალეთის ქედის თხემზე ავდივართ, საიდანაც ხედი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე იშლება. ჩრდილოეთ ფერდობები, სამხრეთისგან განსხვავებით, ტყის უზარმაზარი მასივებითაა შემოსილი. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე — იურის ქედზე, პატარა ნაგებობაც მოჩანს.
ეს მცირე ზომის ეკლესიაა უზარმაზარი მეგალითური ქვებით. ეკლესია აშკარად ძველია. მის კედელში დატანებული ქვების სიდიდე გაოცებას იწვევს.
პატარა მეგალითური ეკლესია იურის ქედზე
იწყება ციცაბო დაღმართი. გზას ტყეში ვაგრძელებთ.

იურის ნასოფლარი


გარკვეული მანძილის სიარულის შემდეგ ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ნასოფლარს მივადექით. საკმაოდ დიდი ნასოფლარი უღრან ტყეშია ჩაფლული და უახლოესი დასახლებული პუნქტიდან კილომეტრები აშორებს. ზოგ შენობას ჯერ კიდევ ეტყობა ფანჯრისა და კარის ჭრილები. აშკარაა, რომ მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქ აღარავის უცხოვრია. ამ მიკარგულ ადგილას ნასოფლარის ნახვას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა შემდეგ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე აღმოვაჩინეთ ეს ნასოფლარი. ნასოფლარს, იმავე რუკის მიხედვით, იური ქვია. ქედს და მთას თრიალეთის ქედზე სახელი სწორედ ამ სოფლიდან გამომდინარე ქვიათ — იურისქედი. ზემოაღნიშნული მეგალითური ეკლესიაც, ქედზე, სავარაუდოდ ამ სოფლის მაცხოვრებლების აგებულია. თავად ნასოფლარის ბოლოშიც დგას ერთი მსგავსი ეკლესია.
მცირე ნანგრევები აგრეთვე გვხვდება იმ ადგილას, სადაც საბჭოთა რუკებზე ნასოფლარი იორმახინჯია მითითებული.
მდინარე თეძამის გადაკვეთის შემდეგ იწყება სრულიად გაუკვალავი და ციცაბო ფერდობი თეძამისა და ვიცხას ხეობების გამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. გარკვეული სიმაღლის აღების შემდეგ დახრილობა კლებულობს. ქედის კალთებიდან კვლავ ულამაზესი ხედები იშლება თეძამის ხეობაზე, თრიალეთის ტყეებსა და მთებზე.
ციცაბო ფერდობი თეძამისა და ვიცხას ხეობების გამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე

ტყის მასივებით დაფარული
მთა-გორები თრიალეთის ქედის
ჩრდილოეთით (მდინარე თეძამის აუზი)
