ფოტომასალა მალე დაემატება.
ლაშქრობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში იწყება. სოფლიდან თრიალეთის ქედის წყალგამყოფზე მალე ავდივართ. ქედის მეორე (ჩრდილოეთ) მხარეს, სამხრეთის სტეპური ლანდშაფტისაგან განსხვავებით, თვალწინ ვრცელი ტყის მასივები გადაგვეშლება.
აქვე, თრიალეთის ქედზე მდებარეობს კლდეკარის შუასაუკუნოვანი ციხის ნანგრევები, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თრიალეთზე (წალკის მუნიციპალიტეტი), ქვემო ქართლზე (ალგეთის ეროვნულ პარკზე) და შიდა ქართლზე. კლდეკარის ციხე ამ სამი ისტორიული მხარის საზღვარზე მდებარეობს.
კლდეკარის ციხიდან ქვევით, მდინარე საბოლიას ხეობაში ვეშვებით. მალევე წავაწყდებით ძველ ეკლესიას, რომელიც გაოცებას იწვევს მისი ადგილმდებარეობით (ეკლესია გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილ ადგილას მდებარეობს) და მის კედელში ჩატანებული მეგალითური ქვებით.
მარშრუტი მდინარე საბოლიას ხეობას მიუყვება, ტყეში. ერთ ღამეს ამ ხეობაში ვათევთ.
მეორე დღეს მდინარეს ბოლომდე ჩავუყვებით, სადაც ის მდინარე თეძამს უერთდება. გავუყვებით მდინარე თეძამს და მალევე დავინახავთ იკვის ძველ თაღოვან ხიდს. ხიდის შემდეგ იკვის სამონასტრო კომპლექსს მივადგებით, საიდანაც მალევე მივალთ სოფელ იკვში, რომელიც ჩვენი ლაშქრობის საბოლოო წერტილია.