ბისნამ უკრაინელი ბავშვებისთვის ექსკურსიები მოაწყო

ბისნამ უკრაინელი ბავშვებისთვის ექსკურსიები მოაწყო


ბისნამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ჩერნიჰივის ოლქში მცხოვრები 30 უკრაინელი მოსწავლისთვის სიღნაღსა და თბილისში ექსკურსიები მოაწყო. ექსკურსიები ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული რამდენიმედღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ექსკურსიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა დაათვალიერეს ქალაქი სიღნაღი და თბილისის ღირსშესანიშნაობები, დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები, ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს პარლამენტს, სადაც მათ საქართველოს პარლამენტის წევრებმა უმასპინძლეს. საქართველოს პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე დადგმული რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს, აგრეთვე ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს.

უკრაინელი ბავშვებისთვის მოწყობილი რამდენიმედღიანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის წევრის – არჩილ თალაკვაძის პატრონაჟითა და უკრაინის რადას დეპუტატის – ლუდმილა მარჩენკოს ჩართულობით მიმდინარეობდა.

ბისნა მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისთვის ორი დღის განმავლობაში სასიამოვნო თავგადასავალი მოეწყო. ჩვენი კომპანია უკრაინელი ხალხის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოსთან თავდაცვით ომში.