ვარღვევთ თუ არა ლაშქრობისას კანონს კარავში ღამისთევით

ვარღვევთ თუ არა ლაშქრობისას კანონს კარავში ღამისთევით


ტურისტული და სალაშქრო სეზონის მოახლოებასთან ერთად, მიმდინარე პანდემიისა და გადაადგილების შეზღუდვის ფონზე, პრობლემატურია კითხვა:

გვაქვს თუ არა უფლება, 21:00 - 05:00 საათებში ვიმყოფებოდეთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე კარავში?

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე ბისნას უპასუხეს, რომ ლაშქრობის დროს კარავში ღამისთევა რეგულაციების დარღვევაა და დამრღვევს დაჯარიმება ემუქრება, თუმცა, შევეცადეთ გაგვერკვია, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ კანონმდებლობა სხვაგვარად იქნეს განმარტებული.


საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება „იზოლაციისადა კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის 6-1 პუნქტის მიხედვით,

„საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.“

რეგულაცია კრძალავს საჯარო სივრცეში როგორც გადაადგილებას, ასევე ყოფნას (გადაადგილების გარეშე). ტყე, მთა, დაცული ტერიტორია, ნებისმიერი სალაშქრო მარშრუტი ცალსახად საჯარო სივრცეა და 21 საათის შემდეგ ასეთ ადგილას ფეხით გადაადგილება ცალსახად წარმოადგენს არსებული რეგულაციის დარღვევას. მაგრამ შესაძლოა თუ არა, ასეთ ტერიტორიაზე კარვის გაშლით და ღამისთევით საჯარო სივრცეში შევქმნათ ერთგვარი „დროებითი ინდივიდუალური სივრცე“, სადაც ყოფნა კანონმდებლობის დარღვევა არ იქნება, გაურკვეველია და არც კანონმდებლობა იძლევა ამაზე ცალსახა განმარტებას.

ზემოაღნიშნული მუხლის 6-2 პუნქტი შეზღუდვიდან გამონაკლისებს ადგენს. გამონაკლისებში ლაშქრობა და კარავში ღამისთევა არ არის აღნიშნული.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს პოზიციაა, რომ კარავში ღამისთევა კანონდარღვევას წარმოადგენს, ძალიან რთულია, ამას კანონის შენებური ინტერპრეტაცია დაუპირისპირო. თან, თავად კარავი რომც მივიჩნიოთ არასაჯარო, ინდივიდუალურ სივრცედ, 21:00 - 05:00 შუალედში კარვიდან გარეთ გამოუსვლელად გაჩერება ძალიან რთულად წარმოსადგენია და კარვიდან თუნდაც ერთხელ გამოსვლით მაინც მოგვიწევს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა.

შესაბამისად, რეგულაციებში დამატებითი გამონაკლისის დაშვების გარეშე, კარავში ღამისთევის გამო ნამდვილად შეიძლება დაგაჯარიმონ (თუ რა თქმა უნდა სამართალდამცავებმა თქვენს ბანაკამდე მოაღწიეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა), სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა საქართველოში ჩამოსვლას კი, ავიამიმოსვლის სრულად აღდგენის შემთხვევაშიც კი, უბრალოდ აზრი არ ექნება, რადგან სალაშქრო მარშრუტების უმეტესობაზე კარავში 1 ღამის გათევა მაინც არის საჭირო.