|
ბისნა
ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობები
|
|
განახლებულია: 19 მაისი, 2024
|
|
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები ამ პირობებში გამოყენებულ შემდეგ ტერმინებს, ამავე პირობების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1.ა) ბისნა — შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ბისნა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400204006); 1.ბ) ტური — ბისნას მიერ ტურისტისთვის ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოწყობილი ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობა, რომელიც შეიცავს გასართობ, სანახაობრივ, კულტურულ, სათავგადასავლო, ექსტრემალურ, სარეკრეაციო, კულინარიულ ან სხვა სახის საინტერესო ღონისძიებას/ღონისძიებებს და რომელიც შეიძლება სხვადასხვა ოდენობით მოიცავდეს ან არ მოიცავდეს საფეხმავლო-სალაშქრო ელემენტს; 1.გ) ტურისტი — პირი, რომელსაც ბისნა, ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე უწევს ტურისტულ მომსახურებას; 1.დ) ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება — ამ პირობების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება ბისნასა და ტურისტს შორის.
|
|
მუხლი 2. ზოგადი დებულებები 2.1. ეს დოკუმენტი არის ბისნას ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობები და წარმოადგენს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 2.2. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების გასაფორმებლად საკმარისია ტურისტის მიერ ტურის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და ტურის პირობებზე დათანხმება რაიმე იმ ფორმით, რაც ლოგიკურად გულისხმობს ტურისტის მიერ ტურის შესახებ ინფორმაციის გაცნობას და მასზე თანხმობას. ეს ფორმა, მათ შორის და არა მხოლოდ, შეიძლება იყოს: 2.2.ა) წერილობითი დოკუმენტი; 2.2.ბ) ბისნას ვებ-გვერდის (www.bisna.ge) მეშვეობით ტურის შეძენა; 2.2.გ) ინტერნეტში (მათ შორის და არა მხოლოდ — ბისნას ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელში ან სხვა ინტერნეტ-წყაროზე) განთავსებული ინფორმაციის გაცნობას და ბისნას წინაშე იმავე ან სხვა წყაროს მეშვეობით ტურში მონაწილეობაზე თანხმობის გამოხატვა; 2.2.დ) ინტერნეტის (მათ შორის ელექტრონული ფოსტის, საკომუნიკაციო აპლიკაციის/საიტის) ან სატელეფონო გზით განხორციელებული ორმხრივი კომუნიკაციის გზით გამოხატული თანხმობა. 2.3. ტურისტთან ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების დროს მას მიეთითება ამ პირობებზე და იმაზე, რომ ეს პირობები წარმოადგენს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
|
|
მუხლი 3. ინფორმაცია ტურის შესახებ 3.1. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას ტურისტს ეცნობება ტურის შესახებ ინფორმაცია: 3.1.ა) მიმართულება, ხანგრძლივობა, მიმდინარეობა, განრიგი, გასავლელი მანძილი, სანახავი ობიექტები; 3.1.ბ) ტურის სირთულის კატეგორია (სულ არსებობს 4 პოტენციური კატეგორია: A, B-1, B-2, EX; განმარტებები მითითებულია ბისნას ვებ-გვერდზე: https://www.bisna.ge/ka/Tours); 3.1.გ) ტურში არსებული ზოგადი ქცევის წესები, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა სანახავ ობიექტზე არსებული ქცევის წესები; 3.1.დ) სხვადასხვა დამატებითი შეთავაზებები — არსებობის შემთხვევაში; 3.1.ე) ტურის ღირებულება და თუ რას მოიცავს ის; 3.1.ვ) ტურის ღირებულების გადახდისა და მისი დაბრუნების წესები და პირობები; 3.1.ზ) აღჭურვილობა-ინვენტართან, ღამისთევა-დაბინავებასთან, კვებასთან, ალკოჰოლთან, სასმელ წყალთან, სამედიცინო/ჰიგიენურ საშუალებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები 3.1.თ) რისკები, სირთულეები და გასათვალისწინებელი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ტურთან; 3.1.ი) სხვა პირობები და ინფორმაცია — საჭიროების შემთხვევაში. 3.2. ამ მუხლის 3.1 პუნქტში მითითებული, ტურისტისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და იგი ტურისტს მიეწოდება ამ პირობების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით.
|
|
მუხლი 4. ალკოჰოლი 4.1. B-1, B-2 და EX კატეგორიის ტურებში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია სიარულის დაწყებამდე და სიარულის პერიოდში. 4.2. ტურისტმა, ნებისმიერი კატეგორიის ტურში, ჭარბი ალკოჰოლის მიღებით არ უნდა შეუქმნას დისკომფორტი ტურის სხვა მონაწილეებს და არ უნდა დააბრკოლოს ტურის მიმდინარეობა.
|
|
მუხლი 5. სამედიცინო და ჰიგიენის საშუალებები 5.1. ბისნას ტურებში ბისნა უზრონველყოფს ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, ანტიინფექციური, სიცხის დამწევი და ჭრილობის დასამუშავებელი პირველადი სამედიცინო საშუალებების არსებობას. 5.2. ტურისტი ვალდებულია, ყველა კატეგორიის ტურში დამატებით თან იქონიოს პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე აუცილებელი ჰიგიენისა და სამედიცინო საშუალებები.
|
|
მუხლი 6. გარემოს დაცვა და ნარჩენების ტარება 6.1. ბისნას ყველა ტურში იკრძალება გარემოს დაბინძურება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ტურისტი აღარ დაიშვება ბისნას სხვა ტურებში. 6.2. B-1, B-2 და EX კატეგორიის ტურებში, ყველა ტურისტი ვალდებულია, თვითონ ატაროს მისი საკვებიდან, ჰიგიენის ნივთებიდან და სხვა ნივთებიდან/საშუალებებიდან მომდინარე ნარჩენები.
|
|
მუხლი 7. ტურის კორექტირება, შეფერხება და შეწყვეტა 7.1. B-1, B-2 და EX კატეგორიის ტურების წინასწარ შეთანხმებული ტრაექტორია და საბანაკე ადგილების ზუსტი ადგილმდებარეობა შესაძლოა შეიცვალოს ბისნას გადაწყვეტილებით ამინდის ან გაუთვალისწინებელი/ექსტრემალური გარემოებების გამო. 7.2. ტურის მიმდინარეობა შესაძლოა შეფერხდეს, აგრეთვე ტური შესაძლოა შეწყდეს ბისნას გადაწყვეტილებით: 7.2.ა) სტიქიური, მეტეოროლოგიური ან სხვა დაუძლეველი გარემოებების შემთხვევაში, როდესაც ტურის გაგრძელება შეუძლებელია ან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ტურისტების სისცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; 7.2.ბ) B-1, B-2 და EX კატეგორიის შემთხვევაში — რომელიმე ტურისტის მიერ გზის გაგრძელების შეუძლებლობისას, როდესაც მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება ან შეიძლება დაემუქროს. 7.3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბისნა უფლებას იტოვებს, მხოლოდ ნაწილობრივ დააბრუნოს ან არ დააბრუნოს ტურის გადახდილი ღირებულება, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით. 7.4. ამ მუხლის 7.1 და 7.2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ექსტრემალურ ვითარებაში გადაწყვეტილებას იღებს ბისნას გამყოლი. ყველა ტურისტი ვალდებულია, დაემორჩილოს გამყოლს.
|
|
მუხლი 8. ტურისტის ვალდებულებები და აკრძალვები 8.1. ტურისტი ვალდებულია: 8.1.ა) B-1, B-2 და EX კატეგორიის ტურების შემთხვევაში, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, ფიზიკური შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური მზაობა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ტურში წასვლის შესახებ. ტურისტის ფიზიკური/ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო მარშრუტზე მისმა შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბრკოლებები ტურის მიდმინარეობაში ან ტურის შეწყვეტა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ტურისტს; 8.1.ბ) ტურის განმავლობაში დაემორჩილოს გამყოლის მოთხოვნებსა და მითითებებს; 8.1.გ) პატივისცემით მოეპყროს ტურის სხვა მონაწილეებს და ბისნას წარმომადგენლებს; 8.1.დ) პატივი სცეს ადგილობრივ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, არქიტექტურულ და საკულტო ნაგებობებს; 8.1.ე) შეასრულოს ამ პირობებითა და ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 8.2. ბისნას ტურებში აკრძალულია: 8.2.ა) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების/ნივთიერებების წამოღება/ტარება; 8.2.ბ) მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება; 8.2.გ) რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა და გერბი) აშკარად ტარება, მასი საჯაროდ გამოფენა და ასეთი სიმბოლიკით ფოტო-ვიდეო გადაღება; 8.2.დ) ბისნას წინასწარი ნებართვის გარეშე ცხოველების წამოყვანა.
|
|
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები 9.1. ტურისტის მიერ ამ პირობებითა და ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების/აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში, ბისნა უფლებამოსილია, არ დაუშვას ტურისტი შესაბამის ტურზე (გადახდილი ღირებულების დაბრუნების გარეშე) ან ბისნას მომავალ ტურებზე. 9.2. ბისნას ტურებში ბისნას გამყოლი წარმოადგენს ბისნას. 9.3. ბისნასა და ტურისტს შორის კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება ამ პირობებთან შედარებით. 9.4. ეს პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ენებს შორის უპირატესობა ენიჭება: 9.4.ა) ქართულენოვან ტექსტს — თუ ტურისტი საქართველოს მოქალაქეა ან/და სათანადოდ ფლობს ქართულ ენას; 9.4.ბ) ინგლისურენოვან ტექსტს — თუ ტურისტი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას. 9.5. ამ პირობებით და ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი გარემოებები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |