თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები — 2021 წლიდან საქართველოს ორი ახალი დაცული ტერიტორია შეემატა

თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები — 2021 წლიდან საქართველოს ორი ახალი დაცული ტერიტორია შეემატა


2021 წლიდან საქართველოს ორი ახალი დაცული ტერიტორია შეემატა.


„თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა, რის შედეგადაც საქართველოში ორი ახალი დაცული ტერიტორიაა: თრუსოს დაცული ლანდშაფტი და არაგვის დაცული ლანდშაფტი.

ნასოფლარი კარათყაუ,
თრუსოს ხეობა
დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს V კატეგორიის დაცული ტერიტორიის სახეს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კატეგორიზაციის მიხედვით, დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape/Seascape) არის „დაცული ტერიტორია, სადაც დროთა განმავლობაში ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ბიოლოგიური, კულტურული და ესთეტიური ფასეულობის მქონე, განსხვავებული ხასიათის არეალი ჩამოყალიბდა და სადაც ასეთი ურთიერთქმედების ურღვევობის დაცვა არეალის, მასში არსებული ბუნების შენარჩუნებისა და სხვა ფასეულობების დაცვისა და მხარდაჭერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

თრუსოს დაცული ლანდშაფტი მოიცავს
თრუსოს ხეობას, რაც მდინარე თერგის აუზის ზემო ნაწილს (სათავიდან სოფელ ალმასიანამდე) მოიცავს, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტი  გუდამაყარს, ფშავს და პირაქეთა ხევსურეთს (ხევსურეთის ნაწილი, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მდინარე ხევსურეთის არაგვის აუზში მდებარეობს).


აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოში მხოლოდ ერთი — თუშეთის დაცული ლანდშაფტი არსებობდა.

ახალ დაცულ ლანდშაფტებში არ შედის პირიქითა ხევსურეთი, მათ შორის — შატილი და მუცო.

სოფელი როშკა,
ხევსურეთი



ბისნა მიესალმება დაცული ლანდშაფტების შექმნას აღმოსავლეთ საქართველოს ამ უნიკალურ რეგიონში. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული უნიკალური ბუნებრივ-ეთნოგრაფიული არეალების დაცვა საკანონმდებლო აქტების მიღებით არ შემოიფარგლება და დაცული ლანდშაფტის შენარჩუნებისა და მეორე მხრივ ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სათანადო პროექტებიც განხორციელდება.