თრუსოს ხეობა — მასშტაბური და ყველაზე მაღალი ციხე-სოფლები

თრუსოს ხეობა — მასშტაბური და ყველაზე მაღალი ციხე-სოფლები


აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიმუშები 
 კოშკები და ციხე-სოფლები, ჩვენთვის ძირითადად ორი მხარესთან — თუშეთთან და პირიქითა ხევსურეთთან ასოცირდება. სწორედ ამ ორ ისტორიულ მხარეში არის თავმოყრილი ჩვენთვის და უცხოელი ტურისტებისთვის შედარებით კარგად ცნობილი კოშკები და ციხე-სოფლები.


შატილი, ლებაისკარი, მუცო, არდოტი, კისტანი (პირიქითა ხევსურეთი), კესელო, დართლო, ჰეღო, ფარსმა (თუშეთი) — ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, სადაც ტურისტულად პოპულარული ამ ტიპის ძეგლები მდებარეობს.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ თრუსოს ხეობაში 
არის ადგილები, სადაც ზემოთჩამოთვლილ ძეგლებზე არანაკლები მასშტაბის ძველი საფორტიფიკაციო კომპლექსები მდებარეობს.

თრუსოს ხეობა სოფელ ალმასიანიდან იწყება და თერგის სათავეებამდე ვრცელდება. ხეობის პირველი სოფელი ნოგყაუა. კოშკებისა და სიმაგრეების ნაშთები ხეობის დასაწყისიდანვე შეიმჩნევა, მცირე ზომის ნასოფლარებში (ქვემო ოქროყანა, ზემო ოქროყანა, შევარდენი). გარდა ამისა, მნის ხეობაშიც (თრუსოს მარცხენა განშტოება) მდებარეობს მნის საკმაოდ საინტერესო საფორტიფიკაციო ნაშთები.


თრუსოს ხეობაში პირველი მნიშვნელოვანი კომპლექსი კეტრისია, რომელიც თერგის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, შემდეგ მოდის აბანო, შემდეგ კი მალევე მივდივართ ზაქაგორამდე, რომელიც ბორცვის წვერზე მდებარე კომპლექსს წარმოადგენს.

ზაქაგორის შემდეგ გადასაადგილებლად სასაზღვრო პოლიციის საშვია საჭირო. შესაძლოა სწორედ ეს ბიუროკრატიული დაბრკოლებაა თრუსოს ხეობისა და მისი ძეგლების ნაკლები პოპულარობის მიზეზი. ზაქაგორის შემდეგ, თერგის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს კარათყაუ, იგივე კარათსოფელი, რომელშიც თრუსოს ხეობის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია. შემდეგ მოდის ბურმასიგი, ცოცოლთა და ჯიმარა. ჯიმარას ზევით გზის გასაგრძელებლად დამატებითი პროცედურების გავლაა საჭირო, რაც ბოლო ორი ნასოფლარის — ტეფისა და რესის ნახვას კიდევ უფრო ართულებს და რის გამოც ეს ორი ნასოფლარი, ფაქტობრივად სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა ყურადღების მიღმაა დარჩენილი.


არადა სწორედ ეს ბოლო ორი ნასოფლარი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაშთებს ხეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნასოფლარები მიტოვებული და დანგრეულია, კოშკებისა და სხვა ნაგებობების ნაშთების მიხედვითაც შეიძლება მივხვდეთ, რომ რესი და ტეფი შატილისა და დართლოს მასშტაბების ციხე-სოფლები იყო.


გარდა ძეგლების სიმრავლისა და მასშტაბებისა, თრუსოს ხეობა სხვა მრავალი თვალსაზრისითაც არის გამორჩეული. მათ შორის — დასახლებული პუნქტების სიმაღლით. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი სწორედ ზემოაღნიშნული რესია. არც ჯუთა, არც ჟიბიანი (უშგულში) და არც ბოჭორნა. არამედ რესი, რომლის ზედა შენობებიც ზ.დ. 2400 მეტრს აღწევს (!). თუმცა, ვინაიდან ხეობა მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია, ცარიელ და დანგრეულ ნასოფლარებს ზღვის დონიდან უმაღლეს სოფლებს შორის აღარ მოვიხსენიებთ. გარდა რესისა, ხეობაში კიდევ რამდენიმე ნასოფლარია, რომლის სიმაღლე ზღვიდ დონიდან 2200 მეტრს არემატება.


სამწუხაროა, რომ ხეობა, რომელშიც თუშეთისა და ხევსურეთის მასშტაბების არაერთი ძეგლი მდებარეობს, ტურისტული ყურადღების მიღმაა დარჩენილი (თრუსოს ხეობის ნახვა, როგორც წესი, ზაქაგორამდე მისვლით შემოიფარგლება ხოლმე), ხოლო თავად ძეგლები ან დანგრეულია, ან სრულიად მოუვლელი და მიტოვებული. არადა, ამ ძეგლების კონსერვაციისა და მოვლის შემთხვევაში, თრუსოს ხეობა, მის მაღალმთიან ბუნებრივ ლანდშაფტთან და ულამაზეს ტრავერტინებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივ-ეთნოგრაფიული კომპლექსი შეიძება ყოფილიყო.
თრუსოს დაცული ლანდშაფტი მხოლოდ 3 თვის წინ შეიქმნა, რაც იმედის მომცემია, თუმცა, ხეობის გადარჩენილი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ბისნას თრუსოს ხეობის ტურზე დამატებითი ინფორმაცია და ფოტომასალა იხილეთ
აქ.